ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო 

15:15, 16.04.2026

ხუთი საათი გაგრძელდა თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად დაკავებული თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურის, ასევე ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის ნაწილმა დასკვნითი სიტყვა თქვა. დასკვნითი სიტყვა უკვე თქვეს ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატებმა, სადაც მათ 9 თვის განმავლობაში მიმდინარე საქმე შეაჯამეს. ყოფილი თავდაცვის მინისტრის ადვოკატის თქმით, საქმეში მთავარი მტკიცებულება, ამავე საქმეში ბრალდებული, ვლადიმერ ღუდუშაურის აღიარებითი ჩვენებაა, რომელიც, მისივე თქმით, არცერთი სხვა ჩვენებით არ დასტურდება და ის სარგებლის სანაცვლოდ არის მიცემული, რადგან ვლადიმერ ღუდუშაურს საპროცესო შეთანხმება აქვს გაფორმებული.

ასევე დასკვნითი სიტყვა თქვა ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემაც. სადაც მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის კავშირები არ იკვეთება თანხის გაფლანგვასთან დაკავშირებით. ტარიელ კაკაბაძის დასკვნითი სიტყვის ეტაპზე პროცესი გადაიდო და სხვა ბრალდებულების ადვოკატები შემდეგ პროცესზე წარმოთქვამენ დასკვნით სიტყვას.

შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლით ედავება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი