ჯოზეფ ბაიდენის განცხადება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე მომხდარი თავდასხმა დაგმო და აღნიშნა, რომ ეს არის რუსეთის მიერ ჩადენილი მორიგი საშინელი სისასტიკე. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა „ტვიტერზე“ დაწერა. ამერიკელი ლიდერის თქმით, უკრაინის რკინიგზის სადგურზე თავდასხმა კიდევ ერთი შემზარავი სისასტიკეა, რომელიც რუსეთმა ჩაიდინა, როდესაც დაარტყა სამოქალაქო პირებს, რომლებიც ევაკუაციასა და უსაფრთხო ადგილზე მისვლას ცდილობდნენ. ბაიდენის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის უსაფრთხოების საკითხებში დახმარებას და თავდაცვისთვის იარაღის მიწოდებას. „ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, მხარს დავუჭერთ ამ თავდასხმის გამოძიების მცდელობებს, რუსეთის ქმედებების დოკუმენტირებით და მათზე პასუხისმგებლობის დაკისრებით“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.