ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს შეხვდებიან

თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა 21 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. შეხვედრა ნიუ იორკში დაგეგმილი გაერო-ს გენერალურ ასამბლეიდან ჯო ბაიდენის ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ შედგება. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალი კვირის დასაწყისში რამშტაინის ფორმატში საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

უკრაინის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის შესახებ ამერიკული მედიაც წერს. გამოცემა „ვაშინგტონ პოსტის“ცნობით, ზელენსკი ასევე ეწვევა კონგრესს, რათა დაარწმუნოს ამერიკელი კანონმდებლები, მხარი დაუჭირონ უკრაინისთვის 24 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას.