ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული „დაფიონის“ დამფუძნებლის, ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. რვა ბრალდებულიდან მხოლოდ ერთმა – ინსაფ ალიევმა განაცხადა, რომ დუმილის უფლებას იყენებს, დანარჩენებმა კი აღნიშნეს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობენ. დაცვისა და ბრალდების მხარეებმა დამატებითი მტკიცებულებების საქმეზე დართვის და ერთი მოწმის დაკითხვის შუამდგომლობები დააყენეს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. ერთ-ერთი ადვოკატის განცხადებით, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სხდომა ვადების დარღვევით ჩანიშნა. მისივე თქმით, რვაპირიანი საქმისთვის მესამე დარბაზი პატარაა და გულშემატკივრები სრულად ვერ ესწრებიან. სხდომაზე ამ წუთებში შესვენება გამოცხადდა.
ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ბრალი 225-ე მუხლით ედებათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. ისინი 2024 წლის დეკემბერში დააკავეს.