ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო
ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ექვსი დემონსტრანტის პროცესზე საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი, ლევან ბასილაძე დაიკითხა. მისი ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ ვიდეო გადმოიწერა და დაათვალიერა. მისივე მტკიცებით, ბრალდებულები – ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი დესტაბილიზაციისა და არეულობის გეგმაზე საუბრობენ. ადვოკატები დაინტერესდნენ, რატომ არ დაინიშნა ფონოსკოპიური ექსპერტიზა იმის დასადგენად, იყო თუ არა ეს ვიდეო დამონტაჟებული. პროკურორის განცხადებით, ვიდეოში საეჭვო არაფერი იყო და ამიტომ არ ჩატარდა დამატებითი კვლევა.
 გამომძიებელმა ისაუბრა ბრალდებულ თორნიკე გოშაძის სახლში ჩატარებულ ჩხრეკაზეც. გოშაძეს შეკითხვები ჰქონდა, რატომ მოატყუა რომ „ჯი ვი პის“ თანამშრომელი იყო, ადვოკატზე უარი რატომ უთხრა და რატომ აუკრძალა ვიდეოს გადაღება. საპასუხოდ მოწმემ განმარტა, რომ დაკავებისას გოშაძის უფლებები არ დარღვეულა. აგვისტოდან დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება. ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა 4 სექტემბერს ეწურებათ. განაჩენი ამ დრომდე უნდა გამოცხადდეს. 8 დემონსტრანტს ნოემბერ-დეკემბრის აქციებისას ჯგუფურ ძალადობაში ედავებიან.