ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ექვსი დემონსტრანტის პროცესზე, საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი, ლევან ბასილაძე დაიკითხება. მას ბრალდებულ ვასილ კაძელაშვილის ვიდეო აქვს ჩამოწერილი და დათვალიერებული. ის ბრალდების მოწმეა. როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, ამით პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევა სრულდება.
უკვე დაიკითხნენ ძირითადი მოწმეები და დასრულდა ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევა. აგვისტოდან დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება. ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა 4 სექტემბერს ეწურებათ. განაჩენი ამ დრომდე უნდა გამოცხადდეს. რვა დემონსტრანტს ნოემბერ-დეკემბრის აქციებისას ჯგუფურ ძალადობაში ედავებიან.