ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო

ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული რვა დემონსტრანტის პროცესზე საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი დაიკითხა. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლის, დავით ქიტიაშვილის თქმით, სოციალურ ქსელში ატვირთული ვიდეომასალა პატაკის საფუძველზე დაათვალიერა და ოქმი შეადგინა. მისი ინფორმაციით, ვიდეოში ირაკლი მიმინოშვილის იდენტიფიცირება მოხდა, რომელიც ქვას სპეცრაზმელების მიმართულებით ისროდა. ადვოკატები აცხადებენ, რომ კადრები დამონტაჟებულია და მისი წარმომავლობა გაურკვეველია.

ბრალდებულმა ისლამ ალიევმა მოწმე ქიტიაშვილი პროცედურულ დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ გამომძიებელი ჩხრეკის დროს ტელეფონის პაროლს სთხოვდა. მანამდე კი სხდომაზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელს მოუსმინეს. მისი ინფორმაციით, აქციის მონაწილეების მიერ მერიისთვის მიყენებული ზარალი 139 000 ლარია. ბრალდების მხარე დღეს კიდევ ერთ მოწმეს დაკითხავს.