ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო
ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ექვსი დემონსტრანტის პროცესი გრძელდება. საქმის მთავარმა გამომძიებელმა ზვიად ცეცხლაძის იმ ვიდეოჩანაწერის შინაარსი აღწერა, რომელიც საქმეშია და ხმა არ აქვს. როგორც არსენ ხუნაშვილმა განაცხადა, ვიდეო ფეისბუქიდანაა გადმოწერილი და მის მიერ გაშიფრულს ხმა ჰქონდა და ზვიად ცეცხლაძე რევოლუციის გეგმებსა და პოლიციელებზე თავდასხმაზე საუბრობდა. ადვოკატების განმარტებით, ცეცხლაძის წინააღმდეგ მთავარ მტკიცებულებას – ვიდეოჩანაწერს ხმა არ აქვს და პროკურატურამ გადაწყვიტა მოწმე გამომძიებელს ჩვენებაში ათქმევინოს ვიდეოს შინაარსი, რომ მოსამართლემ შეძლოს მტკიცებულებად მისი გამოყენება.
შეგახსენებთ, ცეცხლაძეს, კასრაძეს და კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ედავებიან. სხვა ბრალდებულებს კი მონაწილეობაში.