ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების პროცესი
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ცხრა პირის მორიგი პროცესი იმართება. დღეიდან დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა დაიწყო. პროცესზე ანდრო ჭიჭინაძის მეგობრები, მსახიობები იკითხებიან. ერთ-ერთი მათგანი გიგა დათიაშვილია, რომელიც უკვე დაიკითხა. როგორც მსახიობმა განაცხადა, ის რუსთაველზე ანდრო ჭიჭინაძესთან ერთად იყო. მისი თქმით, სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როდესაც აქციაზე სპეცრაზმელები გამოიყვანეს, რომლებიც აქციის მონაწილეებს აგინებდნენ. მისი თქმით, არ დაუნახავს აქციის მონაწილეთა მხრიდან საგნების სროლის ფაქტი და სხვადასხვა საგნებს პოლიციელების მიმართულებით მხოლოდ პროვოკატორები ისროდნენ. მან გაიხსენა ქვის სროლის კონკრეტული ფაქტი და განაცხადა, რომ ადამიანი რომელმაც სამართალდამცველებისკენ ქვა ისროლა პოლიციელი აღმოჩნდა. ასევე პროკურორებს აინტერესებდათ, დაინახა თუ არა დათიაშვილმა ანდრო ჭიჭინაძის მხრიდან ჯოხის სროლის ფაქტი, ბარიკდების მხარემ ვიდეოც ჩართო, სადაც კონკრეტული ადამიანი ჯოხს ისვრის, თუმცა მოწმემ განაცხადა, რომ არ შეუძლია თქვას, არის თუ არა ეს პირი ჭიჭინაძე, რადგან მსახიობის თქმით, ჭიჭინაძის მხრიდან აგრესია არ დაუნახავს და პირიქით, ხალხს ეხმარებოდა და იცავდა ძალადობისგან.
ამ წუთებში ანდრო ჭიჭინაძის კიდევ ერთი მეგობარი, მსახიობი ანა ინგოროყვა იკითხება, რომელიც სასამართლოს ანალოგიურ ჩვენებას აძლევს. მისი განმარტებით, რომ აქციის მონაწილეები არ ისროდნენ ნივთებს სამართალდამცველებისკენ და ძალადობას ადგილი პოლიციელების მხრიდან ჰქონდა. ანდრო ჭიჭინაძე კი სამართალდამცველს თავს არ დასხმია და არანაირ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია.