ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი

15:23, 14.07.2025
 „დაფიონის“ დამფუძნებლის, ზვიად ცეცხლაძის, „ლელოს“ გორის ორგანიზაციის წარმომადგენლის, ვეფხია კასრაძისა და კიდევ ექვსი პირის პროცესზე ბრალდების ორი მოწმე – საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი და დაზარალებული სამართალდამცველი – კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი დაიკითხნენ.
როგორც დაზარალებულმა გიორგი ჯანიჯაშვილმა განაცხადა, 2024 წლის წლის 29 ნოემბერს დაზიანება რუსთაველზე, აქციაზე მიიღო. მისი თქმით, აქციის მონაწილეები ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს პოლიციელების მიმართულებით, რა დროსაც თავში ქვა მოხვდა, თავი გაუტყდა და გონება დაკარგა. მისივე თქმით, ვერ დაინახა, ვისგან იყო ქვა ნასროლი, თუმცა დარწმუნებით შეუძლია თქვას, რომ ქვა აქციის მონაწილეთა მხრიდან იყო გასროლილი.
ბრალდების კიდევ ერთმა მოწმემ – გამომძიებელმა გენადი იოსებაშვილმა კი განაცხადა, რომ  ვიდეოჩანაწერი დაათვალიერა, სადაც ჩანს, 2024 წლის 1-ელ დეკემბერს, აქციის მონაწილეები როგორ ძალადობენ, აშენებენ ბარიკადებსა და ისვრიან სხვადასხვა ნივთებს პოლიციელების მიმართულებით. მისი თქმით, კადრებიდან მოხდა ერთ-ერთი ბრალდებულის ინსაფ ალიევის იდენტიფიცირება. ალიევი პოლიციელების მიმართულებით ისროდა სხვადასხვა ნივთებს, მათ შორის ქვებს და აგებდა ბარიკადებს. პროცესი 16 ივლისს განახლდება.

მსგავსი