ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი

15:12, 09.07.2025

ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ცხრა პირის პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვით განახლდა. დაიკითხა პროკურატურის ორი მოწმე. დასუფთავების სამსახურის – „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელმა, იოსებ მამალაშვილმა აქციების პერიოდში მათი სამსახურისთვის მიყენებულ ზარალზე ისაუბრა.

ადვოკატებმა პროკურორის შეკითხვები გააპროტესტეს. როგორც შოთა თუთბერიძემ განაცხადა, მოწმე ფაქტის შემსწრე არ ყოფილა და ტელევიზიით ნანახთან დაკავშირებით იკითხებოდა, რაზეც პროკურორმა განმარტა, რომ თუ დაცვის მხარეს აქვს ტელევიზიით ნანახზე შეკითხვების დასმის უფლება, იგივე ბრალდების მხარესაც უნდა შეეძლოს.

დღესვე დაიკითხა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მზია ცერაძე, რომელმაც განაცხადა, რომ 29 ნოემბერს აქციაზე მყოფი ჯგუფების მიერ ორი სატრანსპორტო საშუალება – „შკოდა“ დაზიანდა და ზიანმა 14 000 ლარზე მეტი შეადგინა. მანაც მიუთითა, რომ დაზიანების ფაქტი ტელევიზიით ნახა, რაც ადვოკატებმა გააპროტესტეს. დაცვის მხარის პოზიციით, მოწმე ფაქტის შემსწრე უნდა იყოს და ტელევიზიით ნანახზე მისი ჩვენება არარელევანტურია.

დღესვე, პროკურორის განცხადებით, შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენლების დაკითხვას გეგმავდნენ, თუმცა სხვა ღონისძიებაში მონაწილეობის გამო, ეს ვერ მოხერხდა. ადვოკატებმა ბრალდების მხარე პროცესის გაჭიანურებაში დაადანაშაულეს.

 

 

მსგავსი