საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის და კიდევ შვიდი პირის საქმის არსებითი განხილვა მოწმეთა დაკითხვით გრძელდება. სხდომაზე დაიკითხა ერთი სამართალდამცველი, რომელმაც დაზიანება თვალის არეში მიიღო. მოწმის განცხადებით, ჭიჭინაძის ქუჩაზე სამსახურებრივ საქმიანობას ასრულებდა, რა დროსაც აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი პიროტექნიკა სახის არეში მოხვდა. მოწმე დაკითხა ასევე დაცვის მხარემ. ადვოკატ ელგუჯა ავსაჯანიშვილის კითხვაზე, შეუძლია თუ არა მოწმეს, ამოიცნოს პიროტექნიკის მსროლელი პირი, გივი წიქორიძემ უპასუხა, რომ – არა. სხდომა სამართალდამცველის, გელა გულორდავას დაკითხვით გრძელდება. დღევანდელ პროცესზე კიდევ ოთხი მოწმის დაკითხვა იგეგმება.
შეგახსენებთ, საქმეზე ბრალდებულ რვა პირს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. პროცესის პარალელურად, სოლიდარობის მიზნით, სასამართლოს ეზოში შეკრებილები არიან ბრალდებულთა მხარდამჭერები.