ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 დემონსტრანტის პროცესზე საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი, შსს-ს თანამშრომელი, ირაკლი გველესიანი იკითხება. მისი თქმით, უწყების პრესსამსახურში, მათივე ოპერატორების გადაღებული მასალა დაათვალიერა და ბრალდებულები რუსლან სივაკოვი და სერგეი კუხარჩუკი ამოიცნო. მოწმის ინფორმაციით, ერთმა ბრალდებულმა ჯებირი გადააადგილა, მეორემ კი ნივთს ცეცხლი წაუკიდა.
მანამდე დაიკითხა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი თამარ ჭანტურაია. მან ისაუბრა აქციების დროს ინვენტარისა და სატრანსპორტო საშუალებების დაზიანებაზე. დღესვე განცხადებები გააკეთეს ანდრო ჭიჭინაძემ და ონისე ცხადაძემ. ცხადაძემ მეუფე იაკობს მიმართა და თქვა, რომ პოლიტიკა და ამბიონი უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან. ანდრო ჭიჭინაძემ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე კიდევ ერთხელ მიუთითა, რაც სატელევიზიო ეთერებით მოხდა.