300 ათასი გვერდი, 1200-ზე მეტი სახელი და ახალი გარემოებები ჯეფრი ეპშტეინის საქმეში. მტკიცებულებების მორიგი სერია სისხლის სამართლის ორი გამოძიებიდან და ათასობით ფაილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. ბრიტანეთის პრინცი ენდრიუ, მომღერლები, მსახიობები, ბიზნესმენები – გასაჯაროებულ მასალებს შორის ათასობით ფოტო აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონისაა. კლინტონი საქმის მასალებში ერთადერთი პრეზიდენტი არაა, გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ფიგურირებს მოქმედი პრეზიდენტის სახელიც, თუმცა, დონალდ ტრამპის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებები ამ მტკიცებულებით დადასტურებული არ არის.
ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან იმავე წელს სასამართლო პროცესამდე ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ათი დღის წინ ნიუ იორკის ფედერალურმა მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს ჯეფრი ეპშტეინის სასამართლოს ჩანაწერების საჯაროდ გამოქვეყნების ნებართვა მისცა.