ჯარიმები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე

დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა – ძალაში შევიდა ახალი ამკრძალავი ნიშნებიც. საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი მიზანი საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციაა. მანევრირების წესების დარღვევისთვის 100 ლარამდე გაიზარდა ჯარიმა, ასევე ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით; 50-დან 100 ლარამდე გაიზარდა სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის; 50 ლარამდე გაიზარდა სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით; 50 ლარამდე გაიზარდა სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის; დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე გაიზარდა ჯარიმის ოდენობა ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთსა და საქართველოს კურორტებზე. დრიფტი, რომელსაც მოჰყვა ნივთის ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, 500-ლარიან ჯარიმასთან ერთად, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას ექვსი თვის ვადით.

ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება. ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში – 10 ლარით. ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის დადგინდა ჯარიმა 200 ლარი, აგრეთვე დამრღვევს მართვის მოწმობაზე შეუმცირდება 30 ქულა.