ჯანგველაძის მკვლელობის საქმე
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. საქალაქო სასამართლოში გელა უძილაურის პროცესი მიმდინარეობს, მას ლევან ჯანგველაძის მკვლელობა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად.
პროკურატურამ რვა მოწმე უკვე დაკითხა. მათ შორის ტაქსის მძღოლი, რომელმაც უძილაური ქარელში ჩაიყვანა, ასევე უძილაურის მეგობარი, რომელთანაც მკვლელობის შემდგომ უძილაურმა ღამის გათენება ითხოვა, რაზეც უარი მიიღო. დღეს ჯამში 14 მოწმეს მოუსმენენ. სხდომას ესწრება ბრალდებულიც, რომელიც დუმილის უფლებით სარგებლობს. უძილაურისთვის წარდგენილი ბრალი 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა, ხალხმრავალ ადგილზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად, ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.