ჯანგველაძის მკვლელობის საქმე
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. საქალაქო სასამართლოში გელა უძილაურის პროცესი მიმდინარეობს, მას ლევან ჯანგველაძის მკვლელობა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად. პროკურატურას 14 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი, მათ შორის ტაქსის მძღოლი, რომელმაც უძილაური თბილისიდან ქარელის მიმართულებით წაიყვანა. სხდომას ესწრება ბრალდებულიც, რომელიც დუმილის უფლებით სარგებლობს. უძილაურისთვის წარდგენილი ბრალი 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა, ხალხმრავალ ადგილზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად, ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.