იუსტიციის მინისტრის წერილი

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას წერილს პასუხობს, რომლითაც ფოტიგამ მოითხოვა პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მონახულება მე-18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში. წერილში იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ყველა უფლებით, რომლითაც საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილია ყველა მსჯავრდებული/ბრალდებული. მათ შორის, მასთან განხორციელდა 201 ვიზიტი, რაც მეტყველებს საქართველოს ხელისუფლების გამჭვირვალობაზე. ასევე, რატი ბრეგაძე წერს, თუ რატომ განხორციელდა მსჯავრდებულის გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში და ხაზს უსვამს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც კვლავ უარს ამბობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, ასევე, მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, პენიტენციური სამსახურის ვალდებულების გათვალისწინებით, მასთან დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ვიზიტორები. „თქვენს წერილში ახსენებთ წარსულში თქვენს ვიზიტებს „პოლიტიკური პატიმრების“ მოსანახულებლად. მადლობელნი ვიქნებით, თუ განმარტავთ, რას გულისხმობთ ამ ტერმინში, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს თუ სხვა რომელიმე ავტორიტეტულ ინსტიტუტს, ასეთად არ მიუჩნევია არცერთი პატიმარი საქართველოში“- ნათქვამია რატი ბრეგაძის წერილში.