ისტორიული შეხვედრა ანკორიჯში
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. ეს ალასკაში პუტინის პირველი ვიზიტი, 2015 წლის შემდეგ კი შტატების ტერიტორიაზე მისი პირველი სტუმრობა იყო. ორი ქვეყნის პრეზიდენტების დღის წესრიგი ძირითადად უკრაინის კონფლიქტს ეხებოდა. ამ საკითხზე მხარეებმა პოზიციები ვერ შეაჯერეს, თუმცა, ითქვა, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე პროგრესი არის და მოლაპარაკებები გაგრძელდება.
თავდაპირველად ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ერთი-ერთზე იგეგმებოდა, თუმცა ბოლო მომენტში გაირკვა, რომ მოლაპარაკებები სამი-სამზე ფორმატში წარიმართებოდა. შეხვედრა თითქმის სამ საათს გაგრძელდა, დასრულების შემდეგ კი ლიდერებმა ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთეს, თუმცა დამატებით შეკითხვებზე არ უპასუხიათ. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასრულება სურს, თუმცა, ამას უკრაინამ და ევროპელებმა ხელი არ უნდა შეუშალონ.