ისრაელმა ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყა

ისრაელი ირანზე თავდასხმებს განაგრძობს – ცოტა ხნის წინ, ისრაელის ავიაციამ ირანის ქალაქ თავრიზის აეროპორტი დაბომბა. ირანული მედიის თანახმად, სავარაუდოდ, სამიზნე შაჰიდ ფაკურის სამხედრო ავიაბაზა იყო, სადაც გამანადგურებლები იყო განთავსებული. პარალელურად, გავრცელებულ განცხადებაში ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ნათანზის ბაზაზე თავდასხმის შედეგად სხვადასხვა კომპლექსის ნაწილები დაზიანდა და მიმდინარეობს გამოძიება ზარალის დონის დასადგენად. ამ დროისთვის, ადგილზე მყოფთა შორის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ღამე, ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაში კი ისრაელმა 200 მოიერიშე გამოიყენა, რითიც ასზე მეტ სამიზნეს დაარტყა.

ისრაელი კი ირანის მიერ გაშვებულ უპილოტო საფრენ აპარატებს ანადგურებს, როგორც ცნობილია, ისრაელმა მოსახლეობას უფლება მისცა, დაეტოვებინა თავშესაფრები და ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში უკვე გამორთულია. როგორც ისრაელის მედია წერს, ისრაელმა წლები მოუნდომა ირანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების წინააღმდეგ ოპერაციისთვის მზადებას, რომლის ფარგლებში ირანში ასევე შეიტანა ზუსტი დამიზნების შეიარაღების სისტემები. ისრაელის სადაზვერვო სამსახურმა, „მოსადმა“ კი ირანში უპილოტო აპარატების ბაზა შექმნა, რომლებიც ღამით გააქტიურდა ისრაელისკენ მიმართული მიწა-მიწა ტიპის რაკეტების გამშვებ ობიექტებზე დასარტყმელად.

გავრცელებული ინფორმაციით, „მოსადის“ აგენტებმა უპილოტო აპარატების ბაზა თეირანის მახლობლად მოაწყვეს. გარდა ამისა, ირანში კონტრაბანდულად შეჰქონდათ იარაღის სისტემების გადამტანი მანქანები. ამ სისტემებმა ირანის საჰაერო თავდაცვა გაანადგურა და ისრაელის თვითმფრინავებს ჰაერში უპირატესობა და ირანზე მოქმედების თავისუფლება მისცა.