ისრაელისა და ღაზას საზღვარზე დაპირისპირებას ორი პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელისა და ღაზას საზღვარზე აქტივისტებსა და ისრაელის სპეცდანიშნულების რაზმს შორის მომხდარ შეტაკებას ორი პალესტინელი ემსხვერპლა. პალესტინის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად, სხეულის დაზიანება 400-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი 13 წლის მოზარდია.

პალესტინელების ე.წ. დაბრუნების მარში უკვე მესამე თვეა გრძელდება, თუმცა, აქტივისტების რაოდენობა ბოლო კვირებში შემცირდა. სამ სხვადასხვა ქალაქში გამართულ საპროტესტო მსვლელობაში ორი ათასი პალესტინელი იღებდა მონაწილეობას.

30 მარტს დაწყებული საპროტესტო გამოსვლების დროს, საერთო ჯამში, 130 პალესტინელი დაიღუპა, 1000-ზე მეტი დაშავდა.