შეიარაღებული დაპირისპირების მეოთხე დღე – ირანსა და ისრაელს შორის საჰაერო დარტყმები გრძელდება. ირანმა შუამავლებს განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებს არ დათანხმდება, ვიდრე ისრაელი თავდასხმას განაგრძობს. ამის შესახებ წერს საერთაშორისო მედია. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღამით ავიაგამანადგურებლებით საჰაერო დარტყმები განახორციელეს თეირანში „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ელიტური ქვედანაყოფის „ყუდსის“ ძალების სამეთაურო ცენტრებზე. ისრაელის იერიშის შედეგად მოკლულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის უფროსი და კიდევ ორი სამხედრო მაღალჩინოსანი.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ისრაელის იერიშების შედეგად, პარასკევის შემდეგ, 220-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, 1500-მდე კი დაშავებული. ოფიციალური თეირანის მონაცემებით, მათი უმეტესობა სამოქალაქო პირია. მთელი ღამე განგაში და აფეთქებების ხმა ისმოდა ისრაელის ქალაქებში, მათ შორის თელ-ავივსა და საპორტო ქალაქ ჰაიფაში.
ირანმა ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა იერიში ისრაელის ცენტრალურ ნაწილში საცხოვრებელ რაიონებზე. 13 ივნისის შემდეგ, ისრაელში ირანის დარტყმების შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, 592 კი დაიჭრა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, დაშავებულთაგან 10-ის მდგომარეობა მძიმეა. შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან ირანმა ისრაელის მიმართულებით 370 ბალისტიკური რაკეტა ისროლა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი ხელისუფლება ვერ დაუშვებს, რომ მსოფლიოში ყველზე საშიშ რეჟიმს ბირთვული იარაღი ჰქონდეს.