ირანმა აღიარა, რომ უკრაინული თვითმფრინავი სამხედროებმა შემთხვევით ჩამოაგდეს

ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ თეირანის აეროპორტთან უკრაინული თვითმფრინავი სამხედროებმა შემთხვევით ჩამოაგდეს. ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ განცხადებაში მომხდარს „ადამიანური შეცდომა“ უწოდა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, მომხდართან კავშირში მყოფი პირები პასუხს აგებენ.

მოგვიანებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განცხადება „ტვიტერის“ საშუალებით ირანის პრეზიდენტმა გაავრცელა. ჰასან როუჰანიმ სინანული გამოხატა და აღნიშნა, რომ გამოძიება გაგრძელდება, რომ დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ. შეფერხების გარეშე გამოძიების წარმოებისკენ მოუწოდა ირანს უკრაინის პრეზიდენტმა, რომელმაც განცხადება „ფეისბუქის“ გვერდზე გაავრცელა.

ირანში რამდენიმე დღის განმავლობაში უარყოფდნენ, რომ თვითმფრინავი ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს. „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი 8 იანვარს თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. შედეგად ბორტზე მყოფი 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი დაიღუპა.