ირაკლი ღარიბაშვილის წერილი – გამოხმაურება
პოლიტიკური შეფასებების თემაა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო წერილი და ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე მიმდინარე გამოძიება. როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, ღარიბაშვილის წერილებს მხარი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დაუჭირეს. მათ შორის, სააკაშვილის ბოლო წერილს იხსენებენ, სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ღარიბაშვილმა დიქტატურას დიდი ზიანი მიაყენა. გახარიას გუნდში მიაჩნიათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წერილების მიზანი, საკუთარი თავის გადარჩენაა. „ხალხის ძალაში“ კი იმედოვნებენ, რომ ექსპრემიერი მომდევნო წერილში, მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზეც ისაუბრებს.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გუშინ კიდევ ერთი წერილი გაავრცელა. მთავრობის ყოფილი მეთაური ხელისუფლებას ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში ადანაშაულებს და იმ ადამიანების დაკითხვას ითხოვს, რომლებსაც, მისივე ინფორმაციით, უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე თავადაც აქვთ შეკითხვები. ლაზარე ჯორბენაძე, რომელმაც, ოფიციალური ვერსიით, სიცოცხლე აპრილში თვითმკვლელობით დაასრულა, მითითებულ ინტერვიუში საუბრობს საიდუმლო დოკუმენტზე, რომელიც მისი მტკიცებით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილის, სტრატეგიული სიმაღლეების აზერბაიჯანისთვის გადაცემას ეხება.
სწორედ ჯორბენაძის კრიტიკული შინაარსის გამოსვლები და ინტერვიუები ახსენა ირაკლი ღარიბაშვილმა წინა წერილში, სადაც უფლებადამცველის გარდაცვალებისა და ბოლო პერიოდის სხვა გახმაურებული საქმეების გამო, ეჭვები გამოთქვა. ღარიბაშვილის წერილის შემდეგ, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო. გამოიკითხნენ ის ოპოზიციონერები, რომლებმაც ექსპრემიერის წერილის შემდეგ, თავადაც დასვეს კითხვები და ძიების დაწყება მოითხოვეს.