ინსპექტირების სამსახურის ანგარიში

დღეს პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის კომიტეტზე განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიშს მოუსმენენ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლის განხილვაც კომიტეტზე იგეგმება, ზუგდიდის მე-6 სკოლის ირგვლივ განვითარებული მოვლენებია. სკოლის დირექტორი ია კერზაია 2 დეკემბერს ინსულტით გარდაიცვალა. ამ ფაქტს წინ უძღოდა ინსპექტირების სამსახურის მიერ სკოლის შემოწმება.

კერზაიას შვილი დედის გარდაცვალებას ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს, რასაც სამინისტროში კატეგორიულად გამორიცხავენ. უწყებაში აცხადებენ, რომ ინსპექტირების შედეგად, ზუგდიდის მე-6 სკოლაში არაერთი დარღვევა გამოიკვეთა, თუმცა, მათივე განცხადებით, სამეურვეო საბჭოს ამის გამო სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დღევანდელი მოსმენა და მისგან გამომდინარე საერთო სურათი, დეპუტატებს საშუალებას მისცემს, დეტალურად შეაფასონ ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ინსპექტირების პროცესი.