ინციდენტი N 71-ე საჯარო ბაგა-ბაღში

თბილისის N 71-ე საჯარო ბაგა-ბაღში პიროტექნიკის ამოქმედების შემთხვევაზე მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნება, – ამის შესახებ პირველ არხს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ განუცხადა.

ასევე, კახა გვანცელაძე აცხადებს, რომ ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პიროტექნიკა ბაღში მშობელმა მიიტანა. შემთხვევა კრწანისში 26 დეკემბერს მოხდა. ამავე დღეს დამწვრობის ცენტრში პიროტექნიკით დაშავებული მცირეწლოვანი შეიყვანეს. თუმცა, კლინიკაში არ აზუსტებენ, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი, 71-ე საჯარო ბაღში მომხდარ ფაქტს. დამწვრობის ცენტრში განაცხადეს, რომ ბავშვს მსუბუქი დაზიანება ჰქონდა და კლინიკიდან იმავე დღეს გაწერეს.