ინციდენტი აეროპორტში

ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განიხილა. საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლით აღიძრა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. მოსამართლე დარინა აბულაძემ დავით ბაიდარაშვილს და გიორგი კირვალიძეს ადმინისტრაციული ჯარიმა 700-700 ლარის ოდენობით დააკისრა, დავით მაჭავარიანი საქმის განხილვა კი გადაიდო. და მის საქმეზე პოლიციას დამატებითი მტკიცებულებების მიტანა დაევალა.

მაჭავარიანის და კერვალიშვილის განცხადებით, ისინი ბერლინიდან  ჩამოფრინდნენ და აეროპორტში შეფერხებული რეისის გამო ბარგის ასაღებად იყვნენ მისული, რა დროსაც, მათ მეგობარსა და უცნობ პირს შორის შელაპარაკება მოხდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდართან დაკავშირებით, ოთხი პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ერთ-ერთი მათგანი ძალადობის ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით,  სამი პირი კი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით აიყვანეს.

გაერთიანებული ოპოზიციის, “ძალა ერთობაშიას, წარმომადგენელის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტში მას და მის მეუღლეს, ბიზნესმენ ჯონი გიგანს უცნობი პირები დაესხნენ თავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ აეროპორტში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღო, რის შედეგადაც, ოპერატიულად მოხდა ოთხივე თავდამსხმელის იდენტიფიცირება და დაკავება.