ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი

სექსუალური ხასიათის ძალადობაში ბრალდებულ, „ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრის, ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ ერთსაათიან რეპლიკაში, ბრალდებულის საწინააღმდეგო მტკიცებულებებზე ისაუბრა.

როგორც პროკურორმა განაცხადა, გენეტიკური ექსპერტიზით დაზარალებულ თამთა თოდაძის ტანსაცმელზე ჯიშკარიანის დნმ აღმოჩნდა, რაც შემხებლობას ადასტურებს. მისი თქმით, ექსპერტიზამ დაადასტურა თოდაძის სხეულზე დაზიანებებიც, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, მას ბრალდებულმა მიაყენა. ადვოკატის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, თამთა თოდაძემ ბრალდებულზე ფიზიკურად იძალადა და ჯიშკარიანის დნმ დაზარალებულის ტანსაცმელზე ამიტომ აღმოჩნდა. დაცვის მხარის რეპლიკას მოსამართლე 20 მაისს მოისმენს, რის შემდეგაც ილია ჯიშკარიანს საბოლოო სიტყვის თქმის უფლება მიეცემა და მოსამართლე სათათბიროდ, განაჩენის გამოსატანად გავა.

„ქართული ოცნების“ ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს თბილისის საკრებულოში, ილია ჯიშკარიანს მისი ოფისის თანამშრომელი სექსუალური ხასიათის ძალადობაში ადანაშაულებს. თამთა თოდაძემ პოლიციას 2019 წლის 30 სექტემბერს მიმართა. ბრალდებულს გირაო აქვს შეფარდებული. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ჯიშკარიანს 6-9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.