„ჰუმან რაითს ვოჩის“ ყოველწლიური ანგარიში

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ჰუმან რაითს ვოჩი“ (Human Rights Watch) მსოფლიოში ადამიანის უფლებათა შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში 2019 წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზეც ვკითხულობთ.

ავტორები წერენ, რომ გასული წელი საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობითა და ხანგრძლივი საპროტესტო აქციებით გამოირჩეოდა, რომლებიც საარჩევნო სისტემის რეფორმირების მოთხოვნით იმართებოდა. ანგარიშში წერია, რომ ივნისში დაწყებული გამოსვლებისას ხელისუფლებამ „არაპროპორციული ძალა გამოიყენა“, შედეგად კი „მრავალი ადამიანი დაშავდა.“

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ კრიზისის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად, პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების პირობა დადო, მაგრამ ეს ინიციატივა, მოგვიანებით, კენჭისყრაზე ჩააგდო, რამაც პროტესტი კიდევ უფრო გაამწვავა.

შეშფოთებას იწვევდა სხვა საკითხებიც, მათ შორის შრომის კანონმდებლობის არასაკმარისი რეგულაციები. ანგარიშში წერია მედიის თავისუფლების კუთხით 2019 წელს არსებული ვითარების შესახებაც და ვკითხულობთ, რომ არსებობს მედიაპლურალიზმის შეზღუდვის საფრთხე. ამ კონტექსტში ნახსენებია „რუსთავი 2“-სა და „ტვ პირველის“ საქმეები. „ჰიუმან რაითს ვოჩის“ ანგარიშში ასევე საუბარია სამართალდამცავების დაუსჯელობის შემთხვევებზე, ასევე, ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის შემთხვევებზე.