„ჰამასის“ თავდასხმა ისრაელზე

თეირანი პალესტინელებს მხარდაჭერას უცხადებს, თუმცა კატეგორიულად უარყოფს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებულ უპრეცედენტო თავდასხმებში რაიმე მონაწილეობას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კი თქვა, რომ ვაშინგტონს ჯერ არ უნახავს მტკიცებულებები, რომ ირანი უშუალოდ ჩართული იყო ამ პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ მრავალწლიანი მხარდაჭერა ხელს უწყობდა „ჰამასის“ გაძლიერებას.

პენტაგონის ცნობით, ისრაელში მიმდინარე ბრძოლების ფონზე, „რეგიონული შეკავების მცდელობების გასაძლიერებლად“, ამერიკას ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით სამხედრო ხომალდები, მათ შორის ავიამზიდი და თვითმფრინავები გადაჰყავს. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი ისრაელს სამხედრო დახმარებას დაჰპირდა. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ისრაელს დახმარებას სთავაზობს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც, რომელიც ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო, მთავრობის საგანგებო სხდომას მართავს.

გერმანიის ხელისუფლება კი პალესტინელების დახმარების შეწყვეტას განიხილავს. რაც შეეხება თურქეთს, პრეზიდენტი ერდოღანი, ისრაელსა და პალესტინურ ძალებს შორის სიმშვიდის მისაღწევად დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერების მზადყოფნას გამოთქვამს.