გლობალური უსაფრთხოების ფორუმი

უკრაინის მხარდაჭერა ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის მთავარი თემა იყო დღესაც, ღონისძიების დასკვნით, მესამე დღეს. ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე მონაწილეებმა უკრაინის აღსადგენად ახალი მარშალის გეგმა განიხილეს. დისკუსიაში მონაწილეობდა უკრაინის პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი, ასევე მსოფლიო ბანკისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი.

როგორც ღონისძიების დახურვის ცერემონიაზე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის პრეზიდენტმა, რობერტ ვასმა განაცხადა, უკიდურესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ უკრაინის აღდგენა და რეკონსტრუქცია. ამასთან, მან ხაზი გაუსვა უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის აუცილებლობას. რობერტ ვასმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დაივიწყოს სხვა პარტნიორებიც, მათ შორის ბალკანეთი, საქართველო და მოლდოვა, რომ თავიდან აიცილოს უკრაინის სცენარის განმეორება.

სამდღიანი ფორუმის განმავლობაში 45 პანელური სესია გაიმართა. ღონისძიებაზე სულ 80-მდე ქვეყნის 1 500-ზე მეტი მონაწილე იყო წარმოდგენილი. ბრატისლავაში გამართული გლობალური უსაფრთხოების ფორუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობდა.