მზად არის შუალედური დასკვნა ჩანთაზე, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გახმაურებული საქმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. მდინარე არაგვის ხიდის საყრდენ ბურჯზე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს აღმოჩენილ ნივთზე ხუთი ადამიანის დე-ენ-ემ-ის პროფილი ფიქსირდება. თუმცა, მათ შორის არცერთი არ ეკუთვნის „ტოიოტა ქამრის“ ავტომობილში მსხდომ პირებს, რომლებსაც შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის მუხლი აქვთ წაყენებული.
გამოირიცხნენ დაზარალებულები და საბურთალოდან მათ წამოსაყვანად ჩასული პირებიც. ხუთი ნიმუშიდან ჯერ ისევ დასადგენია, ვის ეკუთვნის ორი გენეტიკური პროფილი. შესაძლოა, სწორედ მათი ვინაობის დადგენამ გასცეს პასუხი მთავარ კითხვას – როგორ აღმოჩნდა გიორგის მიერ წვეულებისთვის მეგობრისგან ნათხოვარი ჩანთა ბურჯზე.