გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის 26-ტომიანი საქმის მასალები უკვე ადვოკატების ხელშია. დაკავებულთა უფლებადამცველები უნდა გაეცნონ იმ გარემოებებს, რომელთა საფუძველზე ხუთ პირს ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ მათ შორის, შესაძლოა, საქმის მთავარი მოწმეების შეცვლილი ჩვენებები იყოს. თუმცა, პროკურატურის მოთხოვნაა, რომ ძიების დასრულებამდე მასალების გამჟღავნება არ მოხდეს, რაც ერთი ადვოკატის გარდა, ყველა უფლებადამცველმა ხელმოწერით დაადასტურა.

რაც შეეხება სხვა ფიგურანტების, მათ შორის „მერსედესის“ მარკის ავტომობილში მსხდომ პირებს: შაქარაშვილის საქმესთან მათი შემხებლობის დასადგენად, მოკლული ფეხბურთელის ბიძა დამოუკიდებელი მოკვლევის ჩატარებას აპირებს.