გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო
 „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს, წარდგენილი ორი მუხლიდან ერთ-ერთი მოეხსნა. მას ახლა ბრალი მხოლოდ პოლიციელზე თავდასხმაში ედება. კერძოდ, საუბარია ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლზე, რომელიც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა.
 
დღევანდელ სხდომაზე, ადვოკატმა ამ ნაწილში სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა და არგუმენტად ის დაასახელა, რომ 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს, ამნისტირებულია, რაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს პირს. აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდების მხარეც. გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო პროცესი, დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ პროცესზე, როგორც პროკურატურამ, ასევე დაცვის მხარემ, დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს, სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად ოკმელაშვილმაც. ამის შემდეგ, სასამართლო განხილვა გადაიდო. სხდომა 24 იანვარს განახლდება მხარეთა რეპლიკებით, რის შემდეგაც სავარაუდოდ, მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
 
გიორგი ოკმელაშვილი 2024 წლის 13 მაისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა.