გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი
ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიას საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების სამი მოწმე დაიკითხა. მათ შორის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები. მოუსმინეს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძეს, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს, კახა კახიშვილსა და შიდა ქართლის ყოფილ გუბერნატორ გიორგი ხოჯევანიშვილს. მათ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდზე ისაუბრეს.
გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალის მიხედვით, ყოფილმა პრემიერმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი.