გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით არის დაწყებული. კლინიკიდან ის უკვე გაწერეს და მკურნალობას სახლში განაგრძობს.
პარტიაში ამბობენ, რომ თავდამსხმელის ვინაობა იციან, თუმცა, დაელოდებიან გამოძიებას. პარალელურად, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დაპირისპირება მოხდა გიორგი გახარიასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს შორის. გახარიამ სოციალურ ქსელში განცხადებაც გაავრცელა და მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს, მისივე თქმით, მხარდაჭერა უპირველესად უკანონო პატიმრებს სჭირდებათ.
გახარიას პარტიის სახელით ტვიტიც გავრცელდა, სადაც წერია: „გიორგი გახარიას, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ჯგუფურად დაესხნენ თავს, რაც ივანიშვილის რეჟიმის მიერ იყო ორკესტრირებული. გიორგი გახარია იმყოფებოდა ბათუმში და ესწრებოდა ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის უსამართლოდ დაკავებული წევრების სასამართლო პროცესს, რა დროსაც მოხდა ძალადობის ეს შემზარავი აქტი.
პარტია „საქართველოსთვის“ ითხოვს, დაუყოვნებლივ და საფუძვლიან გამოძიებას ივანიშვილის რეჟიმის მიერ მოწყობილი ძალადობრივი თავდასხმის შესახებ და მოუწოდებს ყველა პასუხისმგებელი პირის პასუხისგებაში მიცემას. ეს პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა არის ოპოზიციის დაშინებისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის აშკარა მცდელობა. ასეთი ქმედებები ვერასდროს გააჩუმებს ხმებს, რომლებიც იბრძვიან საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის.“