„მოძალადე რეჟიმის დასამარცხებლად ჩვენი ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე, გახარიაზე თავდამსხმელებსა და ორგანიზატორს შესაბამისი პასუხი გაეცემა,“ – აცხადებს ბერდია სიჭინავა. მისი თქმით, სასტუმრო „შერატონის“ მთელი პერიმეტრი აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებებით და სამართალდამცავებს უკვე შეუძლიათ ამ დანაშაულის 24 საათში გახსნა.
მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილიც. მისი თქმით, ინციდენტებთან დაკავშირებით ინფორმირებული იქნება საერთაშორისო საზოგადოება.
შეგახსენებთ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას თავს ბათუმში დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარია კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, მას დაზიანებები აქვს სახის არეში და აღენიშნება ცხვირის ძვლების მოტეხილობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.