გიორგი გახარია და ირაკლი შოთაძე აცხადებენ, რომ საგამოძიებო კომისიისგან დღეს უფრო მეტს ელოდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი აცხადებენ, რომ საგამოძიებო კომისიისგან დღეს უფრო მეტს ელოდნენ. გიორგი გახარიას განცხადებით, თუ კომისია გამოავლენს ისეთ ხარვეზებს, რომლებსაც პირდაპირი ზეგავლენა ჰქონდა ხორავას ქუჩის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს.

მინისტრის განცხადებით, კომისიას არ აქვს დადგენილი, სხდომაზე ჩამოთვლილი საგამოძიებო მოქმედებები არის თუ არა პირდაპირ კავშირში საბოლოო შედეგთან. რაც შეეხება ყოფილ მთავარ პროკურორს. ირაკლი შოთაძის განცხადებით, კითხვებზე პასუხის გაცემა მისი ვალდებულება იყო, თუმცა, მისივე თქმით, ის ელოდა, რომ შეკითხვები, ძირითადად, საქმის შინაარსზე და ფაქტობრივ გარემოებებზე იქნებოდა ორიენტირებული.