გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის 11-წლიანი პატიმრობის შესახებ პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ, პაატა სილაგაძის ხელმძღვანელობით, ბაჩიაშვილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ნაწილში დამნაშავედ ცნო.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავება, საუბარია 39 მილიონ დოლარზე. პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის, ამ შემთხვევაში, ივანიშვილის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა – ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა, ინვესტორს კი კუთვნილი თანხა არ გადასცა.

ბაჩიაშვილს საქალაქო სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მარტში მიუსაჯა. გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატები გეგმავენ, კანონით დადგენილ ვადებში უზენაეს სასამართლოს მიმართონ, პროკურორის თქმით კი საქმეში არსებობდა მტკიცებულებები, რაც ბაჩიაშვილის ბრალეულობას ადასტურებდა.