გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა გრძელდება. საბოლოო გადაწყვეტილება, შესაძლოა, დღესვე გამოცხადდეს. დღევანდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვით უკვე წარდგნენ ადვოკატები, ამ წუთებში კი დასკვნით სიტყვას პროკურორი ამბობს. დღესვე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს თავად გიორგი ბაჩიაშვილიც. ადვოკატის განცხადებით, ბაჩიაშვილი დღეს ისაუბრებს საქმის როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ ნაწილზე.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თანხის მითვისებას ედავებოდა. გამოძიების თქმით, ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის, ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის მიერ გადაცემული თანხებით, კრიპტოვალუტა-ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა, ინვესტორს კი კუთვნილი თანხა არ გადასცა. გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ბაჩიაშვილს დანაშაული არ ჩაუდენია.