თბილისის სააპელაციო სასამართლოში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა გრძელდება, მხარეები დღევანდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვებით წარდგებიან, საბოლოო სიტყვის უფლებით თავად გიორგი ბაჩიაშვილიც ისარგებლებს.
პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავებოდა. გამოძიების თქმით, ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის, ამ შემთხვევაში, ივანიშვილის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა–ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა, ინვესტორს კი კუთვნილი თანხა არ გადასცა. გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გიორგი ბაჩიაშვილს დანაშაული არ ჩაუდენია. ადვოკატის განცხადებით, ბაჩიაშვილი დღეს ისაუბრებს საქმის როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ ნაწილზე.