გიგა ავალიანის საქმეზე ორი პირი დააკავეს

15:10, 06.08.2026

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ნია იმნაძე კლინიკიდან ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი. ამავე საქმეზე გუშინ დააკავეს ანასტასია ბერუაშვილიც. საქმე ეხება ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებასა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას. ორივე პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურის შუამდგომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს. ნია იმნაძის დაკავების კადრები მისმა უფლებადამცველმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

იმნაძის დაკავების დროს ადგილზე ხმაური იყო – ნია იმნაძე ცუდად გახდა და წმინდა მიქაელის სახელობის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, გადაადგილების პრობლემა ჰქონდა და აღნიშნული ჩივილებით კლინიკაში მოათავსეს. ხმაური გაგრძელდა კლინიკაშიც, სადაც ოჯახის ერთ-ერთ ახლობელს, ნია იმნაძის პალატის ტერიტორია დაპირისპირების ფონზე დაატოვებინეს. ადვოკატი ამბობს, რომ საქმის მასალები მას ამ დრომდე არ გადასცემია. საგამოძიებო ორგანო ნია იმნაძეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ჯგუფურად მიყენების წაქეზებას ედავება.

დღეს იმნაძის ადვოკატს დამატებით კომენტარი აღარ გაუკეთებია. ანასტასია ბერუაშვილის უფლებადამცველი კი აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოს განჩინების საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, თუმცა ბერუაშვილი ამ მუხლით გათვალისწინებულ ბრალეულობაში, რაც დანაშაულის შუეტყობინებლობას გულისხმობს, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

 

მსგავსი