28 წლის პედაგოგ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 1-ელ ოქტომბერს, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე, ალექსანდრე გაბაშვილის მეგობარ გოგონასთან კომუნიკაციისთვის ეჭვიანობის გამო, უკან გაჰყვნენ ზღვისუბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრიდან გამოსულ გიგა ავალიანს. 22:20 საათზე ალექსანდრე გაბაშვილი მიუახლოვდა გიგა ავალიანს და შემობრუნებისთანავე შუბლის არეში დაარტყა მუშტი, რასაც მისი თანმხლები გიორგი რიკაძე ტელეფონით იღებდა. დარტყმისთანავე გიგა ავალიანი დაეცა და გონება დაკარგა, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანების შედეგად გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულებისთვის ცნობილი იყო, მძიმე დანაშაულის მომზადებისა და ჩადენის შესახებ, მომხდარი დანაშაულის თაობაზე სამართალდამცველებს არ შეატყობინეს. მათ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
აღსანიშნავია, რომ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში ორ პირია მიცემული. ერთს ბრალდება წარდგენილი აქვს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მეორეს კი გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ორივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.