გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა. დაკავებულს ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებისთვის წარედგინა, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მალანია ბრალს არ აღიარებს. თავდაპირველად მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა, მოგვიანებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად, გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა სწორედ გიორგი მალანიას დახმარებით დაგეგმეს.
ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ბრალდებული მალანია მიმალვას აპირებდა და სწორედ ამ დროს დააკავეს. აღნიშნულს უარყოფს დაკავებულის ადვოკატი და აცხადებს, რომ მალანია უბრალოდ სოფელში იყო და სათევზაოდ მიდიოდა.
მალანიას ბრალდება ზაჰესის იზოლატორში გუშინ გააცნეს. ბრალის წარდგენას მის უფლებადამცველთან ერთად, როგორც არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი, მალანიას მამაც დაესწრო.