გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – სასამართლო პროცესი
გიგა ავალიანის მკვლელობის გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ბრალდებით დაკავებული გიორგი მალანიას პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მოწმეები დაიკითხნენ. მათ შორის იყვნენ საქმის გამომძიებლები და ნია იმნაძის ჯგუფელები, რომლებიც ავალიანთან მათემატიკაში ემზადებოდნენ.
ადვოკატის თქმით, დღევანდელმა მოწმეებმა ვერ მიუთითეს, რა დანაშაული ჰქონდა ჩადენილი გიორგი მალანიას. მისივე განცხადებით, ნია იმნაძის ჯგუფელებმა განაცხადეს, რომ მალანიას არ იცნობდნენ. პროკურორის შეფასებით, მოწმეებმა გამოძიებას მიაწოდეს ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობდა საგაკვეთილო პროცესი და რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.
პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. გიორგი მალანიას ბრალად ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება ედება, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.