გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – აღკვეთის ღონისძიება

21:03, 04.07.2026

28 წლის მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე წინასწარი პატიმრობა კიდევ ერთ არასრულწლოვანს შეეფარდა. საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გიორგი მალანიას წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების უმაღლესი ფორმა, პატიმრობა გამოიყენა. დაკავებულს ბრალად ედება ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მალანია ბრალს არ აღიარებს და არც სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეთანხმება. პროკურატურა კი სხდომაზე ამტკიცებდა, რომ ბრალდებული მაშინ დააკავეს, როცა მიმალვას აპირებდა. აღნიშნულს უარყოფს დაცვის მხარე. ადვოკატის განცხადებით, მალანია უბრალოდ სოფელში იყო და სათევზაოდ მიდიოდა.

ახალგაზრდა პედაგოგს 2025 წლის 1-ელ ოქტომბერს დაესხნენ თავს, ის 23 დღის შემდეგ, 24 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქმეზე რვა არასრულწლოვანია დაკავებული.

მსგავსი