გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე
პროკურატურამ ძალადობის შედეგად დაღუპული გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვნის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შესახებ პატიმრობა მოითხოვა. პროკურატურის ინფორმაციით, სხვა ალტერნატივა ამ ეტაპზე არ განიხილება. აღმკვეთი ღონისძიების შესახებ სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს გუშინ წინასწარი დაკავების იზოლატორში ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი, რომელსაც დაკავებულთა ოჯახები კატეგორიულად არ ეთანხმებიან.
პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა მოკლული 28 წლის პედაგოგის ყოფილი მოსწავლე, საქმეში მთავარი მსჯავრდებულის მეგობარი, ნია იმნაძე. ის დაკავებისას შეუძლოდ გახდა და ღამე კლინიკაში გაატარა. იმნაძეს გამოძიება ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზებას ედავება. სამართალდამცველებმა სახლიდან აიყვანეს არასრულწლოვანი ანასტასია ბერუაშვილიც. ბერუაშვილს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. ძალადობის შედეგად დაღუპული გიგა ავალიანის საქმის ყველა ფიგურანტი დაკავებულია.