ღია და დახურული მოლაპარაკებები უკრაინის საკითხზე
ჩნდება თუ არა უკრაინა-რუსეთის ომის უშედეგო მოლაპარაკებების წარმატებით გაგრძელების პერსპექტივა – დიპლომატიური ძალისხმევა აქტიურდება. უკრაინისა და ევროპის წარმომადგენლები მაიამიში ჩავიდნენ და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან შესახვედრად ემზადებიან.
მოლაპარაკებები გაძლიერებული ორმხრივი იერიშების ფონზე იგეგმება. სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შეხვედრები დღეს და ხვალ გაიმართება. გავრცელებული ცნობით, განიხილავენ საომარი მოქმედებების დასასრულებლად ამერიკის ახალ წინადადებებს. კერძოდ, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს და ომის შემდგომ აღდგენას. მოლაპარაკებებს წინ რეზონანსული განცხადებები უძღვის. სწორედ ომზე გაკეთებული განცხადების გამო უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს აკრიტიკებს. ზელენსკის გზავნილია, რომ რუსეთთან მომავალ ეკონომიკურ პროექტებზე საუბარი და პარალელურად მოლაპარაკებების დიპლომატიურ ჩიხზე კომენტარები ურთიერთსაწინააღმდეგოა. კიევი ვაშინგტონს რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გაძლიერებისა და სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.