გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე

ამ წუთებში რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭანტურიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. ჭანტურიას გამოძიება განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

გიორგი ჭანტურია შვიდ აგვისტოს ღამით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა. უწყების ცნობით, შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა.

ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს. გამოძიებამ მისი მამის საცხოვრებელი სახლიდან იარაღი და საბრძოლო მასალაც ამოიღო.