გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენა გრძელდება. გასაუბრება დღეს კიდევ ორ კანდიდატთან, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ეკა ზარნაძესა და საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილთან გაიმართება.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ორივე მათგანი არის მოქმედი მოსამართლე, კითხვები მათი საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ იქნება. საბჭოს მდივნის თქმით, გასაუბრების პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ეძლევა, თვალი ადევნოს პროცესის მიმდინარეობას.

უზენაესი სასმართლოს მოსამართლეობის მსურველი 50 კანდიდატიდან, იუსტიციის საბჭოს წევრებმა, კენჭისყრით ცხრა უნდა შეარჩიონ, რომელთა სიაც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.